ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა - საზოგადოებაში რომ დადიხართ, მათ აუსხენით, როგორ ზრუნავდით სასამართლოზე და ისინი გაგცემენ პასუხს, როგორ ზრუნავდით და არ გამოგივიდათ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე პოლიტიკური ნარატივით არ ისაუბრონ.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დროის გაყვანას ცდილობს და შინაარსობრივ კითხვებს არ სვამს.
„მე მესმის, თქვენ ცდილობთ განაზოგადოთ, რომ თურმე თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი პროცესები მიმდინარეობდა, რომ თურმე თქვენი ამოცანაა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება, თურმე თქვენ ხართ სასამართლო ხელისუფლებაზე მზრუნველი ადამიანები და თქვენ გაქვთ სურვილი, რომ იზრუნოთ, მაგრამ ამ ელემენტარულ ლოგიკაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ თურმე ღია კენჭისყრა არის საფუძველი იმისა, რომ თქვენ ზრუნავდეთ ხელისუფლებაზე, არის საპირისპირო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია.
„ყველა პრინციპული რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, გამცოდასთან დაკავშირებით კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით. იყო თუ არა საუბარი, რომ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს პარლამენტს? იყო მოთხოვნა და ეს გავაკეთეთ. იყო თუ არა საუბარი, რომ გარკვეულ კრიტერიუმებს დაეყრდნოს საბჭო? ჩავწერეთ კეთილსინდისერება და კომპეტენტურობა. იყო თუ არა საუბარი, რომ ინტერესთა კონფლიქტი მაქსიმალურად გამორიცხოს? ჩავწერეთ ესეც. ახლა თქვენ გამოდიხართ კიდევ, თურმე როგორი მზრუნველები ხართ და როგორ გინდათ სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს ამაზე გველაპარაკებით, ამაზე საზოგადოებაში რომ დადიხართ ხოლმე, მათ აუხსენით და ისინი გაგცემენ პასუხს როგორი მზრუნველები იყავით მაშინ, როდესაც იყავით ხელისუფლებაში, როგორ ზრუნავდით სასამართლოზე და როგორ არ არ გამოგივიდათ, როგორ პირიქით მოხდა და ახლა მაინც, თვალში ნაცარს ნუ აყრით საზოგადოებას. დროს ნუ წელავთ დასვით შინაარსობრივი შეკითხვები და ვიკამათოთ შინაარსობრივ საკითხებზე. პუნქტობრივად როდესაც ვიხილავთ კანონპროექტს პოლიტიკური ნარატივით არ უნდა ისაუბროთ, თურმე როგორი მზრუნველები ხართ. უბრალოდ დრო გაგყავთ“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.