ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა - საზოგადოებას ეუბნებით, კანონპროექტი ახლა არ არის მძიმე, მაგრამ შემდეგ დაამძიმებენო, ხომ იმარჯვებთ ამ არჩევნებზე და რა გაშინებთ, ხომ შეცვლით კანონს
საზოგადოებას ეუბნებით, კანონპროექტი ახლა არ არის მძიმე, მაგრამ შემდეგ დაამძიმებენო, ხომ იმარჯვებთ ამ არჩევნებზე და რა გაშინებთ, ხომ შეცვლით კანონს, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
ოხანაშვილის თქმით, „ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და ამიტომ არიან აჟიოტაჟში, პროვოცირებენ და სპეკულირებენ“.
„აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე, კანონპროექტი ახლა არ არის მძიმე, მაგრამ შემდეგ დაამძიმებთო, შემდეგ აპირებთ რაღაცის შემოცურებას და ახლა ამას მიიღებთო, ამას ეუბნებით საზოგადოებას. აქ გაიშიფრეთ მარტივად. ესე იგი, ეს მართლაც არ არის მძიმე რეგულაციები, რომლებიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად რისკს ვხედავთო, თურმე ჰიპოთეზურად, თეორიულად შეიძლება, ოდესღაც ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილება. ეს არის ტყუილი, საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამიტომ ასეთ ტყუილებს, სპეკულაციებს თავი დაანებეთ. თან ხომ მოდიხართ გამარჯვებით ამ არჩევნებზე, ხომ იმარჯვებთ და რა გაშინებთ, ხომ შეცვლით არა ამ კანონს? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? რა თქმა უნდა, არავითარი გამარჯვების შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში, ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.