ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს მიმართა - მძიმეა თქვენი განცხადება, რომ გამჭვირვალობის გამო, შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი გადაიხედოს, ეს შანტაჟია, ამას არ გავატარებთ
მიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა, ძნელია, უსმინო ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ გამჭვირვალობის გამო ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი, შეიძლება, გადაიხედოს, ეს არის შანტაჟი, ამას არ გავატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.
ოხანაშვილის თქმით, მიხეილ დაუშვილი რასაც ამბობს, ეს არის ოკუპანტის ინტერესი.
„ვინმეს აღიარებაზეა მხოლოდ დამოკიდებული ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და მიწა-წყალი? ცოტა დაფიქრდით, რა განცხადებებს აკეთებთ, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც თქვენ აკეთებთ. როგორ შეიძლება, ასეთი შეკითხვის დასმა, წარმოდგენა გაქვთ ამხელა კაცს? თუ გნებავთ, ბოდიში მოიხადეთ მოქალაქეების წინაშე, გეყოთ გამბედაობა. ხალხს უთხარით, რომ ის აბსურდი, რაც იკადრეთ, შეგეშალათ. კატასტროფაა, რაზე მიდიხართ, გესმით?
არ ვიცი, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთეთ. მან იკადრა შემდეგი, თურმე ჩვენმა პარტნიორებმა რომ აღიარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ეს, შეიძლება, გადაიხედოს იმის გამო, რომ ვინმე გიგაური, ვინმე ლომჯარია და ვინმე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გამჭვირვალედ მუშაობდნენ ამ კანონის შესაბამისად. ამის გამო, რომ მათ საქმიანობას გამჭვირვალობა არ შეეხოს, შეიძლება, ამის გამო გადაიხედოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაო. ეს რა განცხადებაა, წარმოგიდგენიათ? რას გვეუბნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ გამჭვირვალობის საკითხზე ამ ადამიანების? ეს უმძიმესი განცხადება, რაც ახლა თქვენ გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ განზრახ, რადგან შემდეგ იგივე გაიმეორეთ, თუ გნებავთ, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ხალხს, რომ აბსოლუტურად ისეთი რამ იკადრეთ, რომელიც არ უნდა გაგეკეთებინათ, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დააყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. დაუშვით, რომ ეს, შეიძლება, თურმე დადგეს ერთი კანონის გამო, გადახედონ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, ანუ სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? ერთი ერთში ეს ითქვა.
ძალიან მძიმეა, უსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი, შეიძლება, გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ქვეყანას აზიანებთ, ამის უფლებას ვერ მოგცემთ. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც თქვენ გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც თქვენ ამბობთ. სხვა არაფერი არ არის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“.