ანრი ოხანაშვილმა ეუთო-ს დამკვირვებლებს სთხოვა, დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ქცევა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ეუთო-ს დამკვირვებლებს სთხოვა, დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ქცევა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურთ, კომიტეტის სხდომა ისე წარმართონ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, მოქმედი გენერალური პროკურორისგან კომიტეტმა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოს.
„მინდა, ეუთო-ს დამკვირვებლებს, ვთხოვო, დააფიქსიროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ეს ქცევა და პოზიცია. მე თქვენთვის არასდროს მომიმართავს დაგეფიქსირებინათ მსგავსი ქცევა. როგორც მონიტორინგის ჯგუფს მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენს ანგარიშში ის ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც კადრულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათ არ სურთ პროცესი წარმართონ ისე, რომ მივიღოთ კითხვებზე პასუხი. ეს დააფიქსირეთ ყველას გთხოვთ. გვაქვს გამოყოფილი დრო, პოლიტიკურად შეთანხმებულები ვართ, აქამდე შეთანხმებას მივყვებით და დაიცავით ეს პოლიტიკური შეთანხმება, შემდეგ კი, კომიტეტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს. დეპუტატი თინა ბოკუჩავა ითხოვდა, რომ მაჩალიკაშვილი უშუალოდ კომიტეტის სხდომის დარბაზში ყოფილიყო და არა მოქალაქეთა გამოყოფილ იარუსზე. კამათის დროს ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ეუთო-ს წარმომადგენლებს, რომ დაეფიქსირებინათ დეპუტატის ქცევა.