პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც დაკავებულია, ძალიან აგრესიული იყო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა ოხანაშვილის ოჯახის წევრების მიმართ.
დეპუტატი ყვება, რომ მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ორი დღით ბაკურიანში იმყოფებოდა.
„ბავშვების თხილამურებზე სრიალის შემდეგ, იქვე კაფეში შევედით, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ყველა შედის. ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი, რომელიც გვაკვირდებოდა განსაკუთრებით აგრესიული მზერით ჩემს მიმართ. ჩემს მეუღლეს ვთხოვე, ყურადღება არ მიექცია. როგორც ჩანს, ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის ირგვლივ ტრიალებდა. შემდგომ გარეთ გასვლა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე კვლავ დაჟინებული მზერით ყურების შემდეგ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და ძალიან ბინძური სიტყვებით ხმამაღლა საუბარი დაიწყო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი და ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახის წევრების, ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, იყო მუქარა ბავშვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამ ვითარებაში მისი მთავარი ამოცანა იყო, შვილები და მეუღლე სიტუაციას გაერიდებინა.
„ყველაფერი გავაკეთე, რათა არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რამე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში, პირველი იყო, რომ ბავშვები სიტუაციას გამერიდებინა. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, რადგან ეს ადამიანი ძალიან აგრესიული იყო“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, აღნიშნული პირი იგინებოდა და მომხდარის გამო, ობიექტის მუშაობა პარალიზებული იყო.
„ის იგინებოდა, ილანძღებოდა და ხალხის ნაწილმა მისი შეჩერება სცადა, ვინაიდან კაფეს მუშაობა პარალიზებული გახდა, ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს პიროვნება დაკავებულია. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის წინააღმდეგ მუქარისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.
„გამოვიკითხე, მივეცი ჩვენება მეც და ჩემი ოჯახის წევრმაც, ჩემმა მეუღლემ. ამ საკითხს სამართლებრივად ვუყურებ. ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჩემთან მიმართებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ამასთან, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.