ანრი ოხანაშვილი - ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ კანონის უზენაესობა დაცული იქნება, ვინმეს თუ აქვს დანაშაული ჩადენილი, იგივე განხორციელდება საქართველოში, რაც ხორციელდება მათ ქვეყნებში
ვინმეს თუ აქვს დანაშაული ჩადენილი, იგივე განხორციელდება საქართველოში, რაც ხორციელდება მათ ქვეყნებში. თუ ვინმე ამის გადახედვას გვთავაზობს, ნიშნავს, რომ ისინი პატივს არ სცემენ არც თავისი ქვეყნის კანონმდებლობას, არც ჩვენსას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს „პოლონური რადიოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განუცხადა.
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „პოლონურმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.
ოხანაშვილის თქმით, ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ კანონის უზენაესობა დაცული იქნება.
„სასამართლოსა და პენიტენციური დაწესებულების გადასაწყვეტი საკითხი ვერ გახდება პოლიტიკოსების მიერ გადასაწყვეტი, ეს მათი კომპეტენციაა. ჩვენს თავს იმის უფლებას არ ვაძლევთ, რომ სამედიცინო და სამართლებრივ საკითხებზე პოლიტიკური კომპონენტებით ვისაუბროთ. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს თავდაყირა აყენებს. ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ კანონის უზენაესობა დაცული იქნება. ვინმეს თუ აქვს დანაშაული ჩადენილი, იგივე განხორციელდება საქართველოში, რაც ხორციელდება მათ ქვეყნებში. ვინმე თუ ამის გადახედვას გვთავაზობს, ნიშნავს, რომ ისინი პატივს არ სცემენ არც თავისი ქვეყნის, არც ჩვენს კანონმდებლობას. შეურაცხმყოფელია, როცა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ვისმენთ. სააკაშვილი არის სამკურნალო დაწესებულებაში, 24 საათი სამედიცინო სერვისით სარგებლობს, მაგრამ მისი ინტერესია არა მისი უფლებების დაცვა, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგი. სააკაშვილი რაიმე უფლების გაუმჯობესებას კი არ აპროტესტებს, მას პოლიტიკურად აქტუალური ყოფნა სურს, რომ სასჯელის მოხდას თავი აარიდოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.