ანრი ოხანაშვილი - ყველა მხარის მიმართ არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს
ყველა მხარის მიმართ არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
„მოწოდება ლოგიკურია, რომ აქ არ არის არც ერთი და არც მეორე მხარე, პოლიტიკური პროცესია და პოზიციების დაახლოება პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ და გვაქვს მზაობა, სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა.
ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემდგომი სტაბილური განვითარება იყოს უზრუნველყოფილი. ყველა მხარის მიმართ არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც დაფიქსირებულია, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. ეს უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.