ანრი ოხანაშვილი - ყოფილი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებენ, ეს დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია
უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის მისვლა დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, – ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, იმედია, ოპოზიციაც გამოიჩენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მათი შეკითხვები ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი იქნება.
„საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უპრეცედენტო პროცესი, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოდიან ყოფილი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ისინი კომისიის შეკითხვებს უპასუხებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ეს მიუთითებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და ინსტიტუციებისა და საგამოძიებო კომისიის მიმართ პატივისცემაზე. ეს დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. ჩვენ ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა გვექნება, რომელზეც შესაძლოა, საჭირო იყოს პასუხის გაცემა მინისტრების მხრიდან.
იმედი მაქვს, ასეთ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მინისტრებმა გამოიჩინეს, კომისიის ყველა წევრი გამოიჩენს. საუბარი მაქვს, პირველ რიგში, ოპოზიციაზე და იმედს ვიტოვებ, რომ
მათი ძირითადი შეკითხვები ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი იქნება და ორიენტირებული იმაზე, რომ სრული სურათი და რეალური პასუხები მივიღოთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ გვაინტერესებს.
ჩემთვის საინტერესო იქნება, ამ საქმეს როგორ აფასებს კონკრეტული პირი, იქნება ეს მინისტრი თუ ყოფილი მთავარი პროკურორი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.
თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.