ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს.
ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.
ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია და ეს პროცესი მიმდინარეობს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, საკითხი დაეშვა თუ არა არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ წესი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, არ ითვალისწინებს სხვა რამე ფორმით პირადობის მოწმობის გაცემას. ეს სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია და თქვა, რომ ეს ნორმები უნდა შეჩერდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის. ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე სურვილი აქვთ, რომ ისეთი ბარათი აიღონ, სადაც არ იქნება ე.წ. ჩიპი და მათ სახელმწიფო დღეს ალტერნატიულ საშუალებას ვერ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში თქვა, რომ ეს ნორმა უნდა შეჩერდეს და ამ პირებთან მიმართებაში სახელმწიფომ მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩიპიანი ბარათი არ უნდა გასცეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც დაახლოებული იყოს მსოფლიო ელექტრონულ განვითარებასთან.
„რა წესი შემუშავდება, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, დაველოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ განვითარებას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, დაახლოებული ვიყოთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ მათი იდენტიფიცირების დროს. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან მარტივად იყოს შესაძლებელი პირის იდენტიფიცირება. ეს ბარათები ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.
„ოპოზიციის შფოთი, თურმე, ვინმე ამ ყველაფერს რაღაც სხვა მიზნებისთვის იყენებს, როგორ შეიძლება ეს დაესიზმროთ? წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს. ჩვენი ინტერესია, არჩევნებისთვის ყველაფერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ არც ჩვენს პარტნიორებს, არც დამკვირვებლებს და არც ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ მივცეთ, რამეზე შემოგვედაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობების მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.