საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადების შესახებ კანონპროექტი საფრთხისა და რისკის შემცველია.
როგორც ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის ავტორები პარლამენტს სთავაზობენ, ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქართველმა ხალხმა შეიმუშავა, გვერდზე გადადონ.
„საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. მინდა, საზოგადოებას მივმართო, აღნიშნული კანონპროექტი არ უკავშირდება უზენაესი სასამართლოში განსაწესებელ მოსამართლეებს. აქ საუბარია რაიონულ და საქალაქო სასამართლოში განსაწესებელ მოსამართლეებზე. ვსვამ კითხვას და მივმართავ საზოგადოებას, რამდენად სამართლიანი ვიქნებით, რამდენად გვაქვს ლეგიტიმაცია, საზოგადოების მიღებული უზენაესი კანონის საპირისპირო გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო აქტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს. როდესაც ამუშავებთ კანონპროექტს, იხილავთ და მსჯელობთ, ამოწმებთ, ხომ არ მოდის კონკრეტული კანონპროექტი წინააღმდეგობაში. შესაბამისად, თქვენთვის ამოსავალი წერტილი, ისევე როგორ ჩემთვის, არის ქვეყნის უზენაესი კანონი. აქ საუბარი არ არის ლიტონ სიტყვებზე“, – განაცხდა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღმა დგას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლის დაცვაც საზოგადოებამ პარლამენტს დაავალა.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ფორმალური წინაპირობის მიხედვით, ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც მივიღებთ, უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი. აღნიშნული კანონპროექტი არის ქვემდგომი კანონპროექტი, არის ორგანული კანონპროექტი და ითვალისწინებს ზემდგომ კანონპროექტში ცვლილების შეტანას, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. რამდენად სამართლიანი ვიქნებით საზოგადოების წინაშე, როდესაც საუბარია, რომ სასამართლო არის გადატვირთული და სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. კიდევ უფრო გადატვირთულ სისტემას მიიყვანს კოლაფსის პირას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დღეს სასამართლოს სისტემაში არის დაახლოებით 300 მოსამართლე და ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2021 წლისთვის შემცირდება 100 მოსამართლით.
„ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კონსტიტუციურად იმის უფლება, რომ მათი საქმე განხილული იყოს დროულად და გონივრულ ვადაში, შემცირებული სასამართლო კორპუსის პირობებში, კიდევ უფრო დაერღვევათ კონსტიტუციური უფლება. ამასთანავე, წინააღმდეგობაში მოვდივართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლთან – სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გვავალდებულებს, შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სწრაფი და დროული მართლმსაჯულება. შეიძლება დაისვას კითხვა, როგორ? აღნიშნული კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ მაგალითად, პირები განწესდნენ მხოლოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. ხომ შესაძლებელია, ეს პირები შევიდნენ სასამართლო სისტემაში – ამ შეკითხვაზე პასუხი არის მარტივი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თუკი ადამიანს ვეუბნებით, რომ აქვს უფლება, სამი წლის ვადით შევიდნენ სასამართლოში და შემდგომ მისი ბედი არის გაურკვეველი სულ მცირე 2024 წლამდე. ჩვენ მას ვერ ვცემთ პასუხს, რამდენად ექნებათ მოტივაცია ასეთ ადამიანებს, შევიდნენ სასამართლო სისტემაში მაშინ, როდესაც მათ, ვიდრე მოსამართლედ დაინიშნებიან, მოუწევთ 10-თვიანი სასწავლო კურსის გავლა და ამის შემდგომ ვეუბნებით, რომ ჩვენ უფლებას არ გაძლევთ, დაინიშნოთ, დაგველოდეთ, 2024 წლისთვის შესაძლოა, მივიღოთ სხვა რეგულაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად ჩაიწერა, რომ მოსამართლეები განწესდებიან უვადოდ, რაც ეფუძნება ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
„ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ მოსამართლე უნდა განწესდეს უვადოდ, რადგან აქ არის მთავარი პრინციპი, მოსამართლის უვადოდ განწესება არის მისი დამოუკიდებლობის გარანტი. აღნიშნული კანონპროექტი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა პირი კეთილსინისიერი, არ უნდა მოხდეს მისი დანიშვნა და უნდა შეჩერდეს. აქ ისმის სამართლიანობის საკითხი. გვაქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ უსამართლო კანონი მივიღოთ? კანონი, რომელიც უსამართლოდ დაარეგულირებს საკითხებს და არათანაბარ პირობებში დააყანებს იმ პირებს, ვისაც კონსტიტუციამ მიანიჭა უფლება, უვადოდ განწესდნენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, თავის დროზე ეკა ბესელიამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებებს.
„მე არ მახსოვს, რომ აღნიშნული პრინციპზე ეკა ბესელიას ან სხვა კოლეგებს დაესვათ საკითხი, რომ ეს არის პრინციპი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ რა შეიცვალა დღეს? ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა კომიტეტის თავმჯდომარისადმი. ჩემთვის გაუგებარია, თუკი თავის დროზე ეკა ბესელია გახლდათ ინიციატორი, რომ აღსრულებულიყო აღნიშნული უვადოდ დანიშვნის პრინციპი, რამდენად სწორია მიდგომა, რომ ეს საკითხი მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. აქაც მომხსენებელი აპრიორი უშვებს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტი მისივე გამოსვლით ლეგიტიმურად შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. ეს არის დიდი საფრთხის და რისკის შემცველი. თუკი დავუშვებთ პრეცედენტს, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელიც შებოჭილია ქვეყნის უზენაესი კანონით, გადააბიჯებს, ეს არის სახიფათო ტენდეცნია, არასწორი მიდგომა, რომელიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ასევე სამართლიანობის იდეას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.