ანრი ოხანაშვილი - ვინმეს პოლიტპატიმრობაზე საუბარი აბსურდია, მელიამ პროცესების ასე წარმართვა თავად გადაწყვიტა
არაფერი არ გვაქვს დასასაბუთებელი. ვინმეს პოლიტპატიმრობაზე საუბარი აბსურდია. მელიამ პროცესების ასე წარმართვა თავად გადაწყვიტა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას ხელშია უფლება, დაარღვევს თუ არა ის კანონს. როგორც ოხანაშვილი ამბობს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო.
„მის ხელშია უფლება – დაარღვევს თუ არა კანონს. თავად უნდა გადაწყვიტოს, იცავს თუ არა კანონს. რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო, ეს დამოკიდებულია პაექრობაზე, შეჯიბრობითომაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.