ანრი ოხანაშვილი - ვერ წარმოადგინეს არგუმენტი, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი, „პატრიოტი პრეზიდენტის“, მისი „პატრიოტი“ წარმომადგენლის და „პატრიოტი“ ოპოზიციის არგუმენტი იყო - იმიტომ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, განხილვების დროს ვერავინ წარმოადგინა არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.
ოხანაშვილის თქმით, საზოგადოებას პოლიტიკური არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუმარტივდება.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვიხილეთ „პატრიოტი პრეზიდენტის“, მისი „პატრიოტი“ წარმომადგენლის და „პატრიოტი“ ოპოზიციის არგუმენტები. მათი არგუმენტი იყო – იმიტომ. დღეს ეს ხალხი იმ ადამიანებს აწებებს იარლიყს, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებს. ჩვენ ეს ვერ დაგვასუსტებს, პირიქით, ბევრად მედეგად, ღირსეულად ვიდგებით და ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. ფაქტია, რომ ვერცერთმა პირმა ვერ წარმოადგინა საღი არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის პოლიტიკური არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გამარტივებული იქნება. როგორ შეიძლება, ევროპაში გამჭვირვალობა მოქმედებდეს, თუმცა მოგიწოდებდნენ, ეს საკუთარ ქვეყანაში არ მიიღოო? მათი სიყალბე ხელისგულზე დევს. ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედებთ და ამას დავიცავთ, სიყალბეს კი ვამხელთ“, – განუცხადა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.