ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია პოზიტიურად აფასებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ფართო ჩართულობით შევიმუშავეთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის მხრიდან მიღებული რეკომენდაციები პოზიტიურია. როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, პარლამენტმა რეკომენდაციები უკვე მიიღო, მისი განხილვა კი მომავალი კვირიდან დაიწყება.
ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ასევე რეკომენდაციები, თუმცა არა ისეთი, რაც პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფუნდამენტურ გადასინჯვას გამოიწვევს.
„ვენეციის კომისია პოზიტიურად აფასებს იმ ცვლილებებს, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ შევიმუშავეთ. პოზიტიურად არის შეფასებული ის, რომ ეს პროცესი წარიმართა ფართო ჩართულობით, ოპოზიციისა და დაინტერესებული პირების მიერ. ეს ხელს შეუწყობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებთან. მთლიანობაში, ძალიან კარგი და სასიამოვნოა, როცა ვენეციის კომისია პოზიტიურად აფასებს. წინგადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული.
არის ასევე რეკომენდაციები. ისეთი შეთავაზებები არ არის, რაც ფუნდამენტურად გამოიწვევს ამ პროექტის გადასინჯვას, თუმცა რეკომენდაციები არის გამჭვირვალობაზე, ცესკო-ს წევრების არჩევაზე, 100-მეტრიან რადიუსზე. ამ რეკომენდაციებს გავაანალიზებთ. შეხვედრა იქნება ოპოზიციასთან, ვიდრე კომიტეტის სხდომას დავნიშნავთ. ორშაბათს დილით ამ საკითხებს სავარაუდოდ ოპოზიციასთან გავივლით. ამის შესაბამისად ჩაინიშნება კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საარჩევნო რეფორმა პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ვენეციის კომისიაში რეკომენდაციისთვის მაისში გაიგზავნა. დოკუმენტით ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, მათ შორის ახლებურად ყალიბდება ცესკო-ს შემადგენლობა. ცვლილებების მეორე-მესამე მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, მომავალი კვირის ბოლომდე იგეგმება.