ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია ამბობს, თუ დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებთ, უფლებრივი სტანდარტი უფრო განჭვრეტადი გახადეთ, ტერმინოლოგია მეტად დააზუსტეთო, ჩვენ ამისთვის მზად ვართ
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია ამბობს, თუ დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებთ, უფლებრივი სტანდარტი უფრო განჭვრეტადი გახადეთ, ტერმინოლოგია მეტად დააზუსტეთო, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

იყო რეალობა, რომელსაც ოპონენტები ასაღებდნენ, თითქოს ერთ კონკრეტულ პირზე უნდა ყოფილიყო დეოლიგარქიზაციის კანონი და თითქოს ამ კანონის მიღება წარმოუდგენელი იყო, ვენეციის კომისიამ კი დაადასტურა, რომ კანონის მიღება სავსებით შესაძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებას, რაც გულისხმობს, რომ იყოს აქცენტირება სისტემურ მიდგომაზე და არა პერსონალურზე, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ამაზე მუშაობას, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ მოიწონა უკრაინული მოდელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ერთში დააკოპირა და ეს ვენეციის კომისიამაც დაადასტურა.

„თუკი ვენეციის კომისიამ კონკრეტული პროცედურული საკითხები უფლებრივი თვალსაზრისით და ა.შ., დასაზუსტებლად აუცილებლად მიიჩნია, მაშინ როგორ ხდება, რომ ევროკომისიამ მოუწოდა უკრაინას, ეს კანონი კარგია და მისი იმპლემენტაცია დაიწყეთო? კანონი პოზიტიურია და დაიწყეთ არა ამის გასწორება, არამედ პრაქტიკაში აღსრულება, გამოყენება და დანერგვაო. ჩვენ კი ერთი ერთში გადმოვიტანეთ ის კანონი და ახლა ვენეციის კომისია ამბობს, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელიაო. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ეს საკითხები მიემართება იმავე უკრაინულ კანონს, ხომ ასეა? თუ ჩვენ ერთი ერთში გვაქვს გადმოტანილი ყველა პროცედურა და თუ საქართველოს მიერ წარდგენილ მოდელთან მიმართებაში შენიშვნებია, მაშასადამე, შენიშვნები უნდა იყოს უკრაინულ მოდელთან მიმართებაშიც. მაშინ, როგორ ხდება, რომ პირდაპირ მოუწოდებენ უკრაინას ამის იმპლემენტაციისკენ?“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე განაცხადა, რომ უკრაინული მოდელი შეიცავდა მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც დასაზუსტებელი და უფლებრივი თვალსაზრისით გასაუმჯობესებელი იყო, მაგრამ ამ საკითხების გასწორებისგან ერთადერთი ობიექტური მიზეზით შეიკავა თავი.

„ჩვენ რომ ეს ყველაფერი გაგვესწორებინა, შემდგომ, დიდი ალბათობით, გვისაყვედურებდნენ და შემოგვედავებოდნენ, თქვენ უკრაინული მოდელი კი არ გადმოიტანეთ, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არამედ გარკვეული ცვლილებები შეიტანეთ, როგორც თქვენთვის იყო მისაღები და ისე გააგზავნეთო. ამიტომ ჩვენ აქ თავი დავიზღვიეთ და შემოსადავებელი სივრცე რომ არ დაგვეტოვებინა, ვთქვით, კი ბატონო, უკრაინული მოდელი არის უკვე მოწონებული, უკვე მოუწოდებენ იმპლემენტაციისკენ და ამიტომ ჩვენ ერთი ერთში გადმოვიტანოთ, თუმცა ვიცით, რომ საკითხები არის დასაზუსტებელი. ამიტომ ჩვენ ამ შინაარსობრივ საკითხებს დავუბრუნდებით. პროცედურულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს დაბრუნების შესაძლებლობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას ცალსახად არ აქვს ნათქვამი, რომელი მოდელი უნდა აიჩირონ.

„იქ საუბარია როგორც სისტემურ მიდგომაზე, ასევე უფრო მეტად პერსონალურ მიდგომაზე. ის სახელმწიფოს უტოვებს სივრცეს, რომ გადაწყვიტოს. უბრალოდ, ამბობს, თუ ამ კანონს მიიღებთ, რაც სავსებით შესაძლებელიაო, უბრალოდ, უფლებრივი სტანდარტი უფრო განჭვრეტადი გახადეთ, ტერმინოლოგია კიდევ უფრო მეტად დააზუსტეთ და ასე შემდეგო. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტოთ და ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.