ანრი ოხანაშვილი - უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხებს მოამზადებს
უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხებს მოამზადებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რა ფორმით შეიქმნება ჯგუფი, ამაზე მსჯელობა შედგება.
ოხანაშვილმა აღნიშნული კომენტარი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს.
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცედურებს, მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობს. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტში შექმნას, სამუშაო ჯგუფი იქნება ეს თუ რას დავარქმევთ, ამაზე შევთანხმდებით. თუმცა უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების შესახებ საკითხების მომზადებას. რაც მთავარია, კონკრეტული კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან კომიტეტის წინაშე. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომლის მიმართ მაქსიმალური სანდოობა იქნება, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. ვიმსჯელებთ, როგორი ფორმით მოხდება კონკრეტულად ამ ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
„ევროპულმა საქართველომ“ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა მედიას დღეს გააცნო. კანონპროექტი სამპუნქტიანია, ხოლო ერთ-ერთის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.