ანრი ოხანაშვილი - უკრაინის მოქალაქეების საქმიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები, ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა ხომ არ იგეგმებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების საქმიდან გამომდინარე კითხვები ჩნდება, ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა ხომ არ იგეგმებოდა.
ანრი ოხანაშვილი პატიმრობაში მყოფი უკრაინელების საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დამთხვევებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
„საუბარია უკრაინაში მებრძოლ პირებზე. ვიცით, რომ ოპოზიციის აქციები გაიმართა. საუბარია იარაღის უკანონო ფლობაზე. სერიოზული კითხვები ჩნდება, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყანაში რაიმე ფორმით რაიმე სახის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებული შესწავლის საგანია. დიდი ინტერესია როგორც დეპუტატების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის დამთხვევა, თუ იკვეთება რაღაც სახის კონსპირაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სავალალო შედეგი მოეტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი საქართველოში ტურისტული მიზნით არ ჩამოსულა. ასევე ეს ხალხი არიან ერთ-ერთი უკრაინული დაჯგუფების წევრები. გავიგეთ ისიც, რომ ამ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. ამ ფონზე საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნები და აქციები იმართება. გავიგეთ ისიც, რომ სააკაშვილი ერთ-ერთ პირს შეხვდა. მთელი რიგი კითხვები ჩნდება – ეს ყველაფერი ხომ არ გვაძლევს საფუძველს, სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა ამ საკითხს შესწავლა და რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.