ანრი ოხანაშვილი - თუ ადამიანი საზოგადოების დახმარებას ცდილობს და ამას რომელიმე პარტია პრობლემად აღიქვამს, პრობლემა თავად ამ პარტიაში მდგომარეობს
ანრი ოხანაშვილი - თუ ადამიანი საზოგადოების დახმარებას ცდილობს და ამას რომელიმე პარტია პრობლემად აღიქვამს, პრობლემა თავად ამ პარტიაში მდგომარეობს

თუ ადამიანი საზოგადოების დახმარებას ცდილობს და ამას რომელიმე პარტია პრობლემად აღიქვამს, პრობლემა თავად ამ პარტიაში მდგომარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს რეგიონებში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ერთმნიშვნელოვანი ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც პარტიის გაძლიერების თვალსაზრისით ბევრი საინტერესო პროექტი აქვს.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარტიის გაძლიერებაზე იზრუნებს პარტიის თავმჯდომარე, დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით პერიოდულად გეცნობებათ ჩვენი მხრიდან. ადამიანს თუ უნდა, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ ჩვენს საზოგადოებას დაეხმაროს და განახორციელოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ეს თუ არის პრობლემა, მაშინ პრობლემა მდგომარეობს იმ ადამიანებში, ვინც ამას პრობლემად თვლის. თუ ჩვენი საზოგადოების თანადგომა, მათი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება პრობლემაა რომელიმე პარტიისთვის, პრობლემა მდგომარეობს ამ ადამიანებში, ვინც ამას პრობლემად აღიქვამს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.