ანრი ოხანაშვილი თორაძეების საქმეზე - არ მაქვს უფლებამოსილება, კონკრეტულ საქმეზე ვისაუბრო, ვიდრე არ არსებობს გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით
ანრი ოხანაშვილი თორაძეების საქმეზე - არ მაქვს უფლებამოსილება, კონკრეტულ საქმეზე ვისაუბრო, ვიდრე არ არსებობს გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლებამოსილება და ინფორმაცია, რომ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე ისაუბროს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თორაძეების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა,  საზოგადოებამ კარგად იცის თითოეული ადამიანის წარსული საქმიანობა.

„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თითოეული ადამიანის წარსული საქმიანობა, რას აკეთებდნენ ისინი წარსულში, რითი იყვნენ დაკავებული და ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად აფასებს. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, მე არ მაქვს უფლებამოსილება და არც მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე ვისაუბრო, ვიდრე არ არსებობს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. როდესაც მე ვსაუბრობ კონკრეტული პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვეყრდნობი კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ვალდებულება, არ მივცეთ გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს თუ სხვა პირებს სპეკულაციის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ რა წარსული საქმიანობით იყო დაკავებული, ვინ რას საქმიანობდა. ასევე, როდესაც ჩვენ გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილება პირთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაბამისი შეფასება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თორაძეების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და იმყოფება აშშ-ში, შესაბამისად გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

თამარ თორაძე ოჯახის წევრების მკვლელობაში გიორგი რურუას ადანაშაულებს. საუბარია 1992 წლის მარტში მომხდარ მკვლელობაზე, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ამასთან, თამარ თორაძემ 14 მაისს სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა.

საქმის გამოძიების მოთხოვნით თამარ თორაძემ 17 მაისს ვიდეომიმართვაც გაავრცელა „ფეისბუქ“ გვერდზე, სადაც ამბობს, რომ მან პროკურატურას განცხადებით მიმართა ოჯახის წევრების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ამავე ვიდეო მიმართვაში გენერალური პროკურატურის გარდა თამარ თორაძე პრეზიდენტს და მთავრობასაც მიმართავდა.