ანრი ოხანაშვილი - სწორად არ მიმაჩნია, კამერების წინ ვიმსჯელო, ვინ დარჩება გუნდში და ვინ არა
ღიმილის მომგვრელია იმაზე საუბარი, რომ ვინმე ვინმესგან დავალებას იღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი და ჩემი კოლეგების, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. არც ერთ ისეთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ისე და იმ ფორმით, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და იმ დემოკრატიულ ღირებულებებს რაიმე ფორმით შელახავს, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესით. „ქართული ოცნება” ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, გედევან ფოფხაძეს შეეძლო დაესვა შეკითხვები, რომელსაც პასუხი გაეცემოდა. ამასთან, მისი თქმით, არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ აფიშირება მაშინ, როცა საკითხი ჯერ გუნდის შიგნით არ განხილულა.
„გედევან ფოფხაძეს შეეძლო კითხვები დაესვა და პასუხი გაეცემოდა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საჯაროდ აფიშირება მანამდე, სანამ საკითხი გუნდში არ არის გავლილი. გუნდურობა იმას გულისხმობს, რომ ამ თემებზე გუნდში უნდა ვიმსჯელოთ. სწორად არ მიმაჩნია, კამერების წინ ვიმსჯელო იმაზე, გუნდში ვინ დარჩება და ვინ – არა. უნარი შეგვწევს ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, სადაც საზოგადოების ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას მოჰყვა.
ამასთან, როგორც ფოფხაძემ გუშინ პირველ არხს განუცხადა, მმართველ გუნდში შეთანხმებული იყო, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ აძლევდნენ, მაგრამ პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა.