ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, გაბათილდა ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა
ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, გაბათილდა ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა და გაბათილდა ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა.

„საქართველომ საერთაშორისო დონეზე, სტრასბურგის სასამართლოში ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ 2021 წლის 21 ივლისს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამ ისტორიული გამარჯვების ჯაჭვია და მორიგი გამარჯვება დადასტურდა დღეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კოორდინირებულად, ინდივიდვალური 370 სარჩელი იყო შეტანილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გააბათილა ყველა ის შესაძლო პოზიცია, რაც წარმოდგენილი იყო ინდივიდვალურ საჩივრებში.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა და დაადასტურა, რომ არავითარი მტკიცებულება, არავითარი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა იმას, რომ აქ რაიმე ფორმით შესაძლებელი იყო ქართული მხარის დადანაშაულება, არ დასტურდებოდა. შესაბამისად, გაბათილდა ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა. შესაბამისად, ეს არის მორიგი გამარჯვება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე რუსეთის წინააღმდეგ დავას ვაგრძელებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დონეზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.