ანრი ოხანაშვილი - სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეფექტიანად ვუმკლავდებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეფექტიანად უმკლავდებიან.
„გადაავლეთ თვალი ბოლოს და ნახავთ, რომ საკრებულოს ზოგიერთი თავმჯდომარე, ყოფილი მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შემდეგ არიან პასუხისგებაში მიცემულნი. ეს სტატისტიკაა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც აღნიშნული მიმართულებით გამოწვევა არ იყოს, თუმცა კორუფციასთან, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა.
„არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გამოწვევები არ არის. თუმცა კორუფციასთან, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა და რჩება. შესაბამისად, სტატისტიკურადაც რომ მივყვეთ, ბოლო წლის განმავლობაში არაერთი თანამდებობის პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული. გახსოვთ ალბათ წყალტუბოს საქმე, ზუგდიდის საქმე და ა.შ. მათ შორის აქ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებზეა საუბარი, გუნდის წევრები პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი.
ფაქტები გვაინტერესებს და არა ჭორაობა, ფაქტები დადეთ. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, დაიდოს ფაქტები. შევაფასოთ, არ არის პრობლემა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ტენდერების ნაწილზე საუბრისას ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები უნდა არსებობდეს.
„ჭორაობას რომ არ დავამსგავსოთ ეს საუბარი, მიაჩნიათ და ფიქრობენ კი არ უნდა იყოს. კონკრეტულ საკითხში თუ ფიქსირდება, რომ მოხდა კანონდარღვევა, ამაზე მომხდარა რეაგირება და მოხდება კიდეც. თუ თქვენ ამბობთ, რომ არის ასეთი ფაქტები, სადაც კანონდარღვევა ფიქსირდება, ფაქტი დაიდოს და ამაზე იქნება რეაგირება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით „კორუფცია საქართველოში“.