ანრი ოხანაშვილი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ არის გარანტირებული, ასე საქართველოში არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, ასე საქართველოში არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეm, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არავითარ ცენზურას არ აწესებს.
„მარიამ ლაშხმა თავისი აზრი და იდეა გამოთქვა. ცენზურაა, როცა იდეის და აზრის გამოთქმის გამო ბულინგს იწყებ. არავითარი ცენზურის ინიციატორი მარიამ ლაშხი არ არის და „ქართული ოცნება“ არავითარ ცენზურას არ აწესებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, ასეთი საქართველოში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. თუნდაც ვინმე ფიქრობდეს, რომ კონკრეტული იდეა არასწორია, კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა დავუქვემდებაროთ ცენზურას. გამოხატვის თავისუფლება დეპუტატსაც აქვს, კეთილი ინებონ და ვიდრე სხვას მიუთითებენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებაზე, თავად გააცნობიერონ, რას ნიშნავს ეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ, ირლანდიის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტშიც უნდა იყოს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობისას არ უნდა გამოიყენონ. დეპუტატის თქმით, „ირლანდიის პარლამენტს ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს – ეთიკის კოდექსი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ პარლამენტის თანამშრომლებიც“.