ანრი ოხანაშვილი - შვეიცარიაში მეგობრული შეხვედრები გაიმართა, შვეიცარიის მხარემ დაგვიდასტურა, რომ მზად არის, პროგრამები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, კიდევ უფრო განვითარდეს
ანრი ოხანაშვილი - შვეიცარიაში მეგობრული შეხვედრები გაიმართა, შვეიცარიის მხარემ დაგვიდასტურა, რომ მზად არის, პროგრამები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, კიდევ უფრო განვითარდეს

შვეიცარიაში საკმაოდ მეგობრული შეხვედრები გაიმართა. შვეიცარიის მხარემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მზად არის, ის პროგრამები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი განათლების მიმართულებაზე გაკეთდა, ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების მხარდაჭერაზე, ასევე ტურიზმზე.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდობა, მათი დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა. შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროექტების განვითარების ხელშეწყობის, დასაქმების საკითხების, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დასაქმდეს მათთვის საინტერესო სფეროებში. ამიტომ ამ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, წელსვე მოესწროს ჩვენი მეგობრობის ჯგუფის, ანუ შვეიცარიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი ისე დაიგეგმება, რომ პირდაპირი ფრენების შესრულებით შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან შვეიცარიის მხრიდან პირდაპირი ფრენები აქტიურად არის მხარდაჭერილი. პრაქტიკულად, ბოლო ფაზაშია ის მოლაპარაკებები, რაც კონკრეტულ კომპანიასთან წარმოებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი.