ანრი ოხანაშვილი - შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური შეფასება აბსოლუტურად კორექტული იყო
ანრი ოხანაშვილი - შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური შეფასება აბსოლუტურად კორექტული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციული ნიშნების შესაძლო არსებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური შეფასება გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, საზოგადოებაში შესაძლოა, არსებობდეს კითხვები.

„საუბარია პოლიტიკურ შეფასებასა და კითხვებზე, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეს თეორიული დაშვებაა, რომ შესაძლოა, გარკვეული კითხვები იკვეთებოდეს, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ფაქტიურად, ეს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებაა. საზოგადოების ინტერესია, შეწყალების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია იცოდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური შეფასება აბსოლუტურად კორექტული იყო“,  – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.