ანრი ოხანაშვილი - შეგვიძლია, ჩვენს სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტური სასამართლო სისტემა ვუწოდოთ
ანრი ოხანაშვილი - შეგვიძლია, ჩვენს სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტური სასამართლო სისტემა ვუწოდოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებს გადაუსწრო, რომელთა შორისაა ესპანეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი საბერძნეთი და პოლონეთი.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრის – მემკვიდრეობის ფონდის შეფასების თანახმად, საქართველოს სასამართლოების სისტემამ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაიკავა ადგილი, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„აღნიშნული ფონდი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევას აწარმოებს, თუმცა როცა საუბარია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევაზე, ეს მნიშვნელოვანწილად სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას ეფუძნება. აღნიშნული შეფასების თანახმად, საქართველო სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით მე-18 ადგილზეა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს, კერძოდ, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. ეს იმ მემკვიდრეობის ფონზე მნიშვნელოვან პროგრესს ნიშნავს, რაც სასამართლო სისტემას ბოლო 26 წლის მანძილზე აქვს. შეგვიძლია, ჩვენს სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სასამართლო სისტემა ვუწოდოთ. საქართველომ ეფექტიანობის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს გადაუსწრო, რომელთა შორისაა ესპანეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი საბერძნეთი და პოლონეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რითაც დაწესებულება ხელმძღვანელობს, ესაა სასამართლო წარმოების ხარისხი, საქმის მოგების ალბათობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერ სასამართლო სისტემას რეფორმირება ყოველთვის სჭირდება, თუმცა ქვეყანაში სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან რეფორმა რომ ხორციელდება, ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება არსებობს, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირება 2012 წლის საპრლამენტო არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა. ე.წ. ტალღების სახით რეფორმები განხორციელდა, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. კონსტიტუციაში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით, სასამართლოს მნიშვნელოვანი მყარი გარანტიები, ხოლო მოსამართლეებს ღირსება დავუბრუნეთ და საფუძველი შევქმენით იმისა, რომ ქვეყანაში სისტემის მიმართ საზოგადოებას ნდობა დაბრუნებულიყო. ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის, ამას ფაქტები ადასტურებს. ის, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 83 პროცენტით არის გაზრდილი და კერძო პირები სახელმწიფოს წინააღმდეგ უფრო მეტ საქმეს იგებენ, ეს მნიშვნელოვანი რამეა. თუკი 2016 წელს, უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ დავას კერძო პირებმა 64 პროცენტ შემთხვევაში მოიგეს, ეს 2011 წელს 47 პროცენტი იყო და ხედავთ, პროცენტული მაჩვენებელი რამდენად არის გაზრდილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.