შარლ მიშელის დოკუმენტში წაიკითხონ ფრაზა, სად წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტს კონსტიტუციით მოქმედება მართებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი მეგობრების განცხადებებს. ჩვენ ვიღებთ მათ, როგორც მეგობრულ განცხადებებს და რჩევებს. ერთია რჩევები და მეორეა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტს მართებს მოქმედება კონსტიტუციის შესაბამისად. ვინმე თუ იტყვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი ახალი კონკურსი თავის დროზე არ გამოცხადდა, შემდგომ ახალი რეგულაციების შესაბამისად ვერ შეძლეს კანდიდატებმა საბუთების წარდგენა, მაშინ იქნებოდა უფრო მეტად ლეგიტიმური ის მოსაზრება, რომ პროცესი შეჩერებულიყო და შემდეგ კიდევ ახალ ვაკანსიებზე გამოცხადებულიყო კონკურსი, თუმცა ასეთი რამ შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია. წაიკითხონ ფრაზა, სად არის საუბარი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. როცა გასაუბრება მიმდინარეობდა, კანონში გავწერეთ, რომ ახალი რეგულაციების შესაბამისად უნდა გამოცხადებულიყო საბუთების მიღება. ეს გაკეთდა, ამის იქით რა და სად წერია კიდევ, მოვისმენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.