ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებისთვის ცინიკურია, ვინმე რურუას და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საზოგადოება დაიღალა იმ თამაშითა და სპეკულაციებით, რასაც ოპოზიციური ჯგუფები ეწევიან.
ანრი ოხანაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შეასრულებს შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შედგა.
„მმართველ გუნდს გამოწვევა აქვს, რომ პანდემიასთან ბრძოლას საბოლოოდ ღირსეულად გავართვათ თავი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა საზოგადოების ინტერესები, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა. ოპოზიციის ჯგუფები ცდილობენ, რომ ყურადღების ცენტრი საზოგადოების ზრუნვიდან სხვა მიმართულებით გადაიტანონ და მთავარი აქცენტი გააკეთონ არა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ პოლიტიკურ თამაშზე“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.
დეპუტატის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია აწარმოებს გარკვეულ თამაშს და საკითხს სერიოზულად არ ეკიდება.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს სრულად შესწევს უნარი და იმის რესურსიც არსებობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები გავატაროთ და მივიღოთ, ეს იმას არ ნიშნავს და პასუხისმგებლობას არ აცლის ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც იყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ და ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.
ყველა მხარე თანაბრად არის ვალდებული, პირობა შეასრულოს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. იმედი მაქვს, ოპოზიცია თამაშს თავს დაანებებს და გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც პარტნიორების წინაშე აიღეს. არ შეიძლება, საზოგადოებას ერთი კონკრეტული პირის სახელით ესაუბრო. საზოგადოებისთვის ცინიკურია, ვინმე რურუას და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, დაუშვებელია, დამოუკიდებელ ინსტიტუციაში ჩარევა. ამ პრინციპისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ერთგული ვრჩებით და ამ ცვლილებებს განვახორციელებთ“, – დასძინა ოხანაშვილმა.