ანრი ოხანაშვილი - საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გიორგი რურუას პოლიტიკურ ლიდერად მოიხსენიებენ
საზოგადოების წინაშე ცინიზმია, როდესაც გიორგი რურუას პოლიტიკურ ლიდერად მოიხსენიებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და გიორგი რურუას გათავისუფლებას შორის ტოლობის დასმა აბსურდია.
„ეს არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა. ეს არი უმძიმესი განცხადება და ცინიზმია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ვინმე გიორგი რურუას მოიხსენიებენ პოლიტიკურ ლიდერად. თუმცა ეს ადამიანი თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთიანი კლასტერის ლიდერი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებსა და გიორგი რურუას გათავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანს, ეს აბსურდია. ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი დავიწყეთ და ამ პროცესს ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.