ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებამ იმიტომ მოგვანიჭა მანდატი, რომ პარლამენტში ადამიანი საზოგადოების ინტერესებისთვის უნდა საქმიანობდეს და ძალადობრივი ქმედებებით არ უნდა პოზიციონირებდეს
ჩემი განცხადება იმას შეეხებოდა, რომ გამოყენებულ იქნებოდა პარლამენტში არსებული სამართლებრივი გზები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„პარლამენტში არსებული სამართლებრივი გზები რამდენიმეა, როცა შესაბამის დეპარტამენტს მიმართავ. ეს დეპარტამენტი შეისწავლის და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. აი, ამაზეა საუბარი და არა პოლიციისადმი და სხვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვაზე. რაც შეეხება წინაპირობებს, ეს ცხადი იყო; ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი პაექრობა მოხდა და ამას მოჰყვა ის, რაც ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამ განცხადებით ანრი ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, განიხილა თუ არა მან დეპუტატ ეკა ბესელიასა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის წინაპირობა, როცა განაცხადა, რომ აპირებს, ამ ინციდენტს სამართლებრივი გზა მისცეს და აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მით უმეტეს – ფიზიკური ძალადობა.
„ჩვენმა საზოგადოებამ თითოეულ ჩვენგანს იმიტომ მოგვანიჭა ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მანდატი, რომ პარლამენტში ადამიანი ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის უნდა საქმიანობდეს და ძალადობრივი ქმედებებით არ უნდა პოზიციონირებდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.