ანრი ოხანაშვილი - საუბარი, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ვიღაც გამართლდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში რამდენიმე პირია მიცემული
ჩვენ, ყველამ დავკარგეთ ორი სკოლის მოსწავლე, ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ და ეს დღეები იყო ძალიან მძიმე, ისევე როგორც მძიმე აღმოჩნდა საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა გამოიჩინა დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე.
„ფაქტობრივად უპრეცენდენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი. მივყვეთ მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა დიდი მწუხარებით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან. ეს არის ძალიან ცუდი, რამ. ეს, ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა და ამ საკითხზე მოგვიწევს ფართო დისკუსიის გახსნა და მსჯელობა. გამოძიების შედეგად ნივთმტკიცებებზე და ექსპერტიზებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ორი ბრალდებული და პასუხისგებაშიც მიეცა ეს ორი პირი. ეს არის საქმის ერთი ეპიზოდი, მკვლელობის ეპიზოდი. საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე პირი ცნობილი იქნა დამნაშავედ. საუბარი იმაზე, რომ ვინმე გამართლდა, არის სამართლებრივად არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ერთ პირზე სასამართლო ამბობს, რომ მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული და არა მკვლელობისთვის. აქ ჩნდება კითხვა, რა ხდება? დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მიცემულია ხუთი პირი. მათ შორის სუბელიანის ნათესავები. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ამის შემდგომ, მოწმეზე ზეგავლენის ფაქტზე კიდევ ერთი პირი მიეცა პასუხისგებაში. ბოლოს ყველამ ვნახეთ, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სუბელიანი – ეს არის ფაქტების კონსტანტაცია – რაც ხდებოდა სამართლებრივად”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, პარალელურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები, მთავარი პროკურორი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გადადგა.
„შეიქმნა უპრეცენდენტო კომისია, სისხლის სამართლის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. საბოლოოდ დგინდება ის, რომ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ამ კომისიის შექმნით დადგინდეს ჭეშმარიტება. ვინაიდან, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩნდება შეკითხვა რამდენად არის ნდობა ამ კომისიისადმი. ალბათ რთულია, მაშინ როდესაც, კომისიაში უმრავლესობა აქვს გუნდს, რომელთან მიმართებაშიც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. შემიძლია გაჩვენოთ დადგენილებები. სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნაზე. რაზეც უარყოფითი პასუხი არის მიღებული მაშინდელი მმართველი გუნდის მხრიდან. თუმცა გაქვთ კოლეგებო შესაძლებლობა იყოთ ობიექტურები”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.