ანრი ოხანაშვილი - საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს
ანრი ოხანაშვილი - საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, რომ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე რუსეთი სამართლებრივად დაამარცხა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქეების უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლა იყო.

„საქართველოს ხელისუფლება ამ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ ბოლომდე იყოს საქმე მიყვანილი და ამ პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილება აღსრულდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.