ანრი ოხანაშვილი - საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა, მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა
საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა. მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაფუძნებით უნდა იყოს მიღებული და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
„ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროსტრუქტურების შეფასება. მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც. ეს ნიშნავს, რომ თუ იმ ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ამ სტატუსს აქამდეც იმსახურებდა, მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. დარჩენილ პუნქტებზე მუშაობა დასრულდება და ველოდებით დამსახურებაზე დაფუძნებით შეფასებას და, შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.