ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე წარდგინება პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა და დოკუმენტზე ხელმოწერას ელოდება
მმართველი გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შესახებ წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინ გადაუგზავნა.
როგორც პირველ არხს ოხანაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერასა და პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენას ელოდება.
დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის მხრიდან წარდგინებაზე ხელმოწერა ფორმალური ხასიათის გზავნილია.
„ფაქტიურად, მას ვალდებულება აქვს, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ისეთი რამ არ მომხდარა, როცა საქართველოს პრეზიდენტს, მისი სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარდგინებისთვის ხელი არ მოეწერა. კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციური ვალდებულება განახორციელოს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს. იმედი მაქვს, ეს კინკლაობის ან კითხვა-პასუხის ფორმატად არ გადაიქცევა. იმედია, პარლამენტს კანდიდატურა შესაბამის დროში წარედგინება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ არხს განუცხადეს, პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული ვადების შესაბამისად იმოქმედებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.