ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურად ნუ პარაზიტობს, რადგან ხელფასს იღებენ და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ
თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე რაიმე შინაარსობრივი შენიშნა ან მოსაზრება აქვთ, კეთილი ინებონ და საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ, საგნობრივი შენიშვნა წარმოადგინონ, რაშიც საზოგადოება მათ ხელფასს უხდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
ოხანაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, „პოლიტიკურად ნუ პარაზიტობს“.
„ხელფასს იღებენ და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ. მინიმალური სტანდარტი, რაც პარლამენტის წევრმა უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის სხდომებში მონაწილეობა და არა ისე, რომ ბოიკოტს აცხადებენ და ხელფასს იღებენ. საზოგადოებას მათი გულწრფელობის არ სჯერა, მით უმეტეს, როცა საქმე სასამართლოს საკითხს ეხება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ზუსტდება. კერძოდ, დასაბუთების საკითხი ყველა ეტაპზე შემოდის და კანდიდატს უფლება ექნება, მის მიმართ გამოტანილი კონკრეტული შუალედური გადაწყვეტილებები გაასაჩივროს.