ანრი ოხანაშვილი - სანქციების საკითხზე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე ვიდრე არ იქნება საუბარი, ჰიპოთეზებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არასერიოზულად მიაჩნია სანქციებთან დაკავშირებით ვარაუდებზე საუბარი, როცა ამ საკითხზე ოფიციალურ დონეზე კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. ჩვენთან თუ იქნება კომუნიკაცია და ვინმე რამეს განგვიმარტავს, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ არასერიოზულია, ვიდრე ეს საკითხები არ დასმულა, იქამდე ვისაუბროთ ჰიპოთეზებზე და ა.შ. ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, კომენტარი არასერიოზული იქნება. დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს. დღეს და ახლა ამ სანქციების მატარებელი ჩავლილია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, „ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან?“, ოხანაშვილმა აღნიშნა: „ეს ნიშნავს, რომ საელჩოს პრეტენზია წავუყენო – გინდა თუ არა, მართლა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ჩემთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაციის ინტერესი ექნება, ეს შედგება. ჩვენ პროფესიული თვალსაზრისით პოზიციებს ვცვლით ხოლმე, ასეთები იყო ახლო წარსულში, თუმცა გუშინ და ბოლო პერიოდში კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, თუ იქნება, ამას გაგიზიარებთ, დასამალი არაფერია“.