ანრი ოხანაშვილი - არის ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, რომ ოპოზიცია იყოს პარლამენტში, ხალხს მანდატი რევოლუციისა და დესტრუქციისთვის არ მიუცია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, მიზანშეწონილია საკითხი თავად კობახიძემ დააზუსტოს.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ელჩების გარეშე სულ მცირე, ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა.
„ვერ გეტყვით, ბატონ ირაკლის უნდა ჰკითხოთ, ის არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ის თვითონ გაგცემთ პასუხს. მე არ მაქვს ინფორმაცია, რასაც თქვენ მეკითხებით. სხვა კონტექსტში ნუ წაიყვანთ, ინფორმირებულებიც ვართ, ვმსჯელობთ და გავდივართ კონსულტაციებს, მაგრამ მიზანშეწონილია, როდესაც თქვენ მეკითხებით ჩემი კოლეგის მიერ გაჟღერებულ საკითხს, მას სთხოვოთ დაზუსტება, მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, მაგრამ ჯერ მას ჰკითხეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არსებობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს.
„სახელმწიფოებრივ მიდგომას, ჯანსაღ ინტერესებს, არსებულ მდგომარეობას თუ მაღლა დააყენებს ვინმე და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და ეს ვიწროპარტიული ინტერესი გადის რევოლუციაზე, დესტრუქციაზე. თუ ამით არ იხელმძღვანელებენ, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება ქმნის ყველანაირ საფუძველს, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში. ხალხს მანდატი მათთვის არ მიუცია რევოლუციისა და დესტრუქციისთვის. მათ მისცეს მათი წარმომადგებლობისთვის და წარმომადგენლობა დემოკრატიულ პირობებში ნიშნავს მათ ხელთარსებული ბერკეტების რეალიზებას და არა რევოლუციასა და დესტეუქციას.
ამას წერტილი დაესვა, რა თქნა უდნა ამის საფუძველს და უფლებას არავინ არავის არ მისცემს. ამიტომ, ამას მოუწოდებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუკი ვინმეს შერჩა ჯანსაღი ლოგიკა და უნარი, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წასვლა, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ წასვლა, ავტომატურად ოკუპანტის ინტერესებზე ასხამს წყალს, თუ ამას გაატარებენ, ამასაც საზოგადოება შეაფასებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.