ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილს შევთავაზეთ, შეწყალების დროს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რისკფაქტორები
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შესთავაზეს, შეწყალების დროს მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ის რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება, უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ საზოგადოებაში მის ქცევას და ინტეგრაციას.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მიზანშეწონილია, რომ რაც შეიძლება დაბალი რისკის მატარებელი ადამიანის შეწყალება მოხდეს, რომელიც საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას მოახდენს და არ შექმნის დამატებით რისკებს.
„გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულებას გაურბიან და არც ერთი დღე არ უგრძნიათ იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რის გამოც მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი და არიან ძებნაში, არ არის მიზანშეწონილი ასეთი პირების შეწყალება, სწორედ დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის დანაშაული, ის ხარისხი, ის მოტივი, რომელიც მსჯავრდებულმა გამოავლინა კონკრეტული ქმედების დროს, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული და შესწავლილი. ასევე, არამხოლოდ პოლიციელის, არამედ მოსამართლის, პროკურორის და სხვა მომეტებული რისკის პროფესიის მქონე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება მაქსიმალურად უნდა იქნას გამორიცხული. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვანთან მიმართებით, წამება და ა.შ. არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული და მაქსიმალურად გაფილტრულად, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა მოხდეს მსგავსი კატეგორიის მსჯავრდებული პირების შეწყალება.
ეს არ არის ფორმა, რომელიც პრეზიდენტს მის ექსკლუზიურ უფლებაში შეზღუდავს, თუმცა ეს იქნება უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. საზოგადოების აღქმა უნდა იყოს, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი და შეწყალებული პირი იმსახურებდა მას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატის ცნობით, პრეზიდენტმა ამ მიმართულებით პარლამენტს კონსულტაციის გაწევა სთხოვა.
„ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ მას. ეს არის მხოლოდ კონსულტაცია სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით. რას გაიზიარებს და როგორ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რაც აისახება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში. ვფიქრობ, პრეზიდენტს ძალიან კარგი მიმღებლობა ჰქონდა ამ საკითხებისადმი და საბოლოოდ, ვფიქრობ, პრეზიდენტი უზრუნველყოფს საკითხების ისე დარეგულირებას, რომ ეს იქნება დაბალანსებული და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.