ანრი ოხანაშვილი - მჯერა, საგამოძიებო ორგანო ყველაფერს გააკეთებს, რომ „თიბისიზე“ კიბერშეტევის საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს
მჯერა, საგამოძიებო ორგანო ყველაფერს გააკეთებს, რომ „თიბისის ბანკზე“ კიბერშეტევის საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ჭიანიურდება თუ არა გამოძიება.
დეპუტატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება საგამოძიებო ტაქტიკით განისაზღვრება.
„გამოძიება გაჭიანურდა თუ არ გაჭიანურდა, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. არსებობს საგამოძიებო ტაქტიკა და მეთოდოლოგია, რომელი საგამოძიებო მოქმედება როდის ჩატარდეს, როდის გამოიკითხოს პირი, როდის მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების ამოღება და ა.შ. ეს არის საგამოძიებო ორგანოს კომპეტენცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პირები გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებენ, მიაწვდიან მათ ინფორმაციას და მტკიცებულებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში „თიბისი ბანკიდან“ კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილი ოთხი წერილი გამოაქვეყნა. პირველ წერილში შსს-ს ვირუსების შემცველი კორესპონდენციების მიღების შესახებ ატყობინებენ. მერეში მამუკა ხაზარაძე შს მინისტრ გიორგი გახარიას აცნობებს, რომ „მავნე სერვერი“ მდებარეობს თბილისში, რუსთაველის N12-ში. მესამე წერილში აღნიშნულია, რომ შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება. მეოთხე წერილში კი, ხაზარაძე გიორგი გახარიას ასევე სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.