ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო კომისიაზე არავისგან შეხსენება არ გვჭირდება, თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა თუ საჭირო იქნება, ამის თაობაზე შეხსენება არავის მხრიდან არ სჭირდებათ. ანრი ოხანაშვილის თქმით, მსჯელობის შედეგად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„პლენარულის კვირაა და უთხარით, რომ რიგგარეშე სხდომა არ სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ჩვენმა საზოგადოებამ ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი მიიღოს. გვაქვს საკმაოდ ბევრი რესურსი და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. შესაძლებელია, საერთოდ არ დაგვჭირდეს ოპოზიციის ჩართულობა, შეიძლება, ჩვენ დავსვათ ეს საკითხი, მათი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. პირველ რიგში, გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბჯები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საგამოძიებო კომისია და შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ამის ინიციატორები, არავის შეხსენება არ გვჭირდება, თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო. დიდი ალბათობით, ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.