ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო კომისიამ საქმის მასალების გაცნობა უკვე დაიწყო
ნებისმიერ პირს, რომელსაც შემხებლობა აქვს საქმესთან, კომისია დაიბარებს და გამოკითხავს, ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ანრი ოხანაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მისი თქმით, საქმის მასალების გაცნობა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის ერთი ტომი.
„მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალები მოგვივიდა ძალიან ოპერატიულად. ესეც ხაზს უსვამს იმას, რომ მმართველი გუნდის ინტერესია, კომისიას არ შეეშალოს ხელი მუშაობაში და ოპერატიულად მოხდეს მასალების შესწავლა. საქმის მასალების გაცნობა უკვე დავიწყეთ, თუმცა პირველივე ტომიდან დასკვნების გაკეთება, ვფიქრობ, არ არის სწორი. საუბარია ათეულობით ტომზე. ხვალ გვექნება საორგანიზაციო შეხვედრა და კონკრეტულ საკითხებს ამის შემდეგ, დამატებით გაცნობებთ. კომისიის სხდომაზე ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და რაც საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.