ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო სისტემაზე დღეს მიღწეული მოდელი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა შეთანხმება იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელ მოდელსაც ჩვენი გუნდი ვუჭერდით მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული მოდელი, რა მოდელითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. შესაბამისად, ეს მოდელი უზრუნველყოფს დამატებით საფრთხეების თავიდან აცილებას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, სტაბილურ განვითარებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს ყველაფერ ამას, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ შედგა პოლიტიკური შეთანხმება, მიუხედავად სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიებთან, მთავარია, რომ ასეთი შეთანხმება შედგა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.