ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე - სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს პირის პოლიტიკიდან წასვლის გამო
სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს პირის პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური მსჯელობა და პოლიტიკური განცხადებები ერთი მოცემულობაა და ამას სამართლებრივ მხარესთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს პირის პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო. ყველა შესაბამისი უწყება იმ სამართლებრივი პროცედურებით იმოქმედებს, რაც განსაზღვრულია.
არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ პოლიტიკური განცხადების გამო რაიმე გადაიხედოს. ყველა კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.