ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ

ჩვენი ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში ყოველთვის იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც არ არსებობს საფუძველი, როგორ შეიძლება დაიცვა პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ამ ადამიანის, ბატონი ბათიაშვილის, მიმართ განხორციელდა მთელი რიგი უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებები, გუშინდელი სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი. სტრასბურგმა რეალურად დაუსვა წერტილი კიდევ ერთხელ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და შეაფასა, რომ იმ დროს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენდით მხარეს და ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და პოზიციას, სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ჩვენ ვემორჩილებით და, რა თქმა უნდა, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას და იმას, რაც სახელმწიფოს აქვს დაკისრებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.