ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი ალბათ იმედგაცრუებულია, რადგან ადგილი, რომელიც ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუსაზღვრა, თავისუფალი დარჩება
ევროკავშირმა გადაიხადა გირაო და ამით რეალურად აღკვეთა სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში რუსული სცენარით დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მთავარი ამოცანა გირაოს გადახდისას იყო, რომ სააკაშვილისთვის არ მიეცა რუსული დესტრუქციული სცენარის განვითარების საშუალება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითლუსტრაცია მკაფიოდ განახორციელა, როცა შარლ მიშელის ეგიდით წარმართული მოლაპარაკებების შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერის ფარგლებში, ერთ მხარეს იყვნენ „ქართული ოცნება“, საზოგადოება და სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება მოახდინეს, ხოლო მეორე მხარეს თამაშმიღმა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რაც პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს, რადგან თუ ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით წარმართული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელს არ აწერ, ეს სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოდ მოქმედება. რაც შეეხება ევროკავშირის გირაოს გადახდას, ევროკავშირის მთავარი ამოცანა და მიზანი გირაოს გადახდისას იყო იმაში, რომ საქართველოში სააკაშვილისთვის არ მიეცა რუსული დესტრუქციული სცენარის განვითარების საშუალება, რასაც ის ნიკა მელიას მეშვეობით გეგმავდა. ევროკავშირმა გადაიხადა გირაო და ამით რეალურად აღკვეთა სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში რუსული სცენარით დესტაბილიზაცია. ალბათ, სააკაშვილი იმედგაცრუებულია, რომ ის ადგილი, რომელიც ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუსაზღვრა, თავისუფალი დარჩება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.