ანრი ოხანაშვილი - როდესაც აზრის გამოხატვა სცდება კანონს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა იწყება, მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს
ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ამ ფორმით გამოხატვას არ მივესალმები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კინოთეატრებთან არსებული ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, როგორც კი აზრის გამოხატვა კანონს სცდება, უნდა მოხდეს პოლიციის რეაგირება.
„ჩემთვის მსგავსი ფორმით რაღაცის გაპროტესტება მიუღებელია. ეს არ არის ის ფორმა, რითაც შეიძლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმაზე, რაც არ მოგწონს. შესაძლებელია, ზოგიერთი რაღაც მეც არ მომწონდეს, თუმცა ამას აქვს ფორმა, გამოხატულების შესაძლებლობა. ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ამ ფორმით გამოხატვას არ მივესალმები, არ ჯდება ცივილიზებულ აზრის გამოხატვის თავისუფლებაში.
თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გააცნობიეროს, რომ ერთი მხრივ უზრუნველვყოფთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ყველას შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს, თუმცა როგორც კი გამოხატულება სცდება კანონს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა იწყება, ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციები ასევე იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.
კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.