ანრი ოხანაშვილი - რასაც სუბელიანი საუბრობს, არის ტყუილი და განაწყენებული ადამიანის პოზიცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პროკურატურის მიერ მირზა სუბელიანის საუბრების ჩანაწერის გამოქვეყნებას მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირებს.
როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები სწორედ ის ვერსიაა, რომლის კომპრომეტირებასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ცდილობს.
„მოვუწოდებ, მათაც გაასაჯაროონ სრული ვერსია და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იმით, რომ ნაწილ-ნაწილ, მოდელირებულად, კონტექსტის დამახინჯებით ცდილობენ ჩანაწერების ეთერში გაშვებას. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, გავასაჯაროებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელთ იქნება. პროკურატურა იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა. ყველა ამ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. საქართველოს პარლამენტს ეს საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ საკითხს, ვინ გაბედა ჩაწერა და გავრცელება, სჭირდება შესაბამისი პასუხი სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.
„პროკურატურის მოვალეობაა, გასცეს პასუხი კანონის ფარგლებში ყველა შეკითხვას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება ხორავას ქუჩის ერთ-ერთი მოწმის შესაძლო მოსყიდვის შესახებ მირზა სუბელიანის საუბარს, ოხანაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ საგამოძიებო კომისიას, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, ინფორმაცია არ ჰქონიათ.
„შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაზეც არ გვაქვს ინფორმაცია. ამ ყველაფრის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია გადამოწმებული უნდა იყოს პროკურატურის მიერ, მათ უნდა იმუშაონ ყველა მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა, მიუთითებდეს გარკვეული დანაშაულის ნიშნებზე. ეს საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ზოგადად ჩანაწერების ავთენტურობა ნაწილობრივ დასტურდება, რადგან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც ამბობს, რომ შედგა საუბარი. თუმცა, სუბელიანის მიერ გამოგონილი ამბები, თითქოს ვიღაც ვიღაცას მართავს, არსებობს დაჯგუფებები, არის აბსურდი.
„ასევე ბაჩო ახალაიას შესახებ მირზა სუბელიანის ნათქვამი არის გადაჭარბებული და არ ვიცი, სუბელიანს რატომ სჭირდება. შესაბამისმა ორგანოებმა რადგან არ შეუქმნეს კომფორტი, რაც კანონით დაუშვებელია, ამის გამოა განაწყენებული. ამიტომ საუბრობს ყველაფერზე ჭორის დონეზე, ეს არის ტყუილი და განაწყენებული ადამიანის პოზიცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.