ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ მედიაზე ძალადობა მიუღებელია, მოძალადე ჯგუფების გამართლება ჩვენი მხრიდან არასდროს მოხდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის მედიაზე ძალადობა მიუღებელია. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობდეს.
„ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის მედიაზე ძალადობა მიუღებელია.ზოგადად, ძალადობაა დანაშაული, არასდროს არ მოხდება მოძალადე ჯგუფების გამართლება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ და ყველა შეკითხვას, რაც არსებობს, ერთი მხრივ, მედიაზე ძალადობასთან მიმართებით, მერე მხრივ, თქვენი კოლეგის გარდაცვალებასთან მიმართებით, გაეცეს პასუხი. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ხელისუფლება ამას გააკეთებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, პროფესიული საქმიანობის შესრულებაში მედიას ხელი შეუშალოს.
„არავის აქვს უფლება მედიას შეუშალოს ხელი მისი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ვინც ამას გააკეთებს, პასუხისგებაში იქნება მიცემული. სრულად, არავის გამონაკლისის სახით ვერ და არ მოხდება რაიმე ფორმით ტოლერირება მედიაზე შესაძლო დანაშაულებრივი თუ სხვა ტიპის ქმედებების. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. პირიქით, ზედმეტად არ წავახალისოთ ისეთი ჯგუფები, რომლებსაც შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ. თუ იქნება რაიმე ფაქტი, ამას მოჰყვება რეაგირება. ამ ყველაფრის უკან ყოველთვის და დღესაც დგას „ნაციონალური მოძრაობა“. სადაც დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს, მოწოდებებსაც აკეთებს, ამით დასტურდება. ეს ჩვენი შეფასება არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, მათი პოზიციონირება, მათი დღევანდელი ქცევა, რაც აქ გააკეთეს და ადამიანის ბედით მანიპულირება – ტრაგედიის, ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.