ანრი ოხანაშვილი - პროცესს გაუძლებს ის, ვისაც ქვეყნის ხვალინდელი დღე ანაღვლებს, ჩვენი მთავარი საზრუნავი საერთო კონსენსუსია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მხარეების საერთო მიზანი უნდა იყოს კონსენსუსის მიღწევა, რაც ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალაა, რომელმაც ოპონენტებთან აზრთა სხვადასხვაობის მოუხედავად, პოზიციების დაახლოება შეძლო.
„ჩვენ ისეთ შეთავაზებას ვაკეთებთ, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს და პროცესისგან ვინმე კი არ გამოვა გამარჯვებული და დამარცხებული, არამედ ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს კონსენსუსის მიღწევა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ შეთავაზებული გვაქვს სამართლიანი და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები. ოპოზიციამ მოლაპარაკებების შემდეგ ის კი არ უნდა ისაუბროს, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო. მათ უნდა შეუნარჩუნდეთ სახე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც მიიღეს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.
მმართველი პარტია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალაა, რომელმაც შეძლო ოპონენტებთან აზრთა სხვადასხვაობის მოუხედავად, პოზიციების დაახლოება. ჩვენ, ყველა გავერთიანდით ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ეს რესურსი არის და ჩვენს ოპონენტებს არ შევთავაზებდით ისეთ წინადადებებს, სადაც გვექნებოდა მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით მოხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია. ჩვენი მთავარი საზრუნავია, საერთო კონსენსუსი. ეს პროცესი დამახასიათებელია ევროპული ტიპის დემოკრატიებისთვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება. ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ერთგვარი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამას ვერ გაუძლებს და გუშინ იყო ამის ნათელი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი არ არის დემოკრატიული ფასეულობის ერთგული, არ არის მოწადინებული, იხელმძღვანელოს დასავლური ღირებულებებით და ამის ნათელი მაგალითი იყო შალვა ნათელაშვილის შემთხვევა. ამ პროცესს ის გაუძლებს, ვისაც ნამდვილად ანაღვლებს ქვეყნის ხვალინდელი დღე. ვფიქრობ, ამის რესუსი არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.