ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტმა მეხუთე წელს აღმოაჩინა, რომ მისთვის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მეტი ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და ელემენტარული დემოკრატიული ღირებულებებისადმი ანგარიში უნდა გაეწია.
როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია, შესაბამისად, ის არის გარანტი ქვეყნის მდგრადობის და გუშინ მეტი პოლიტიკური მდგრადობა მართებდა.
“როცა დიალოგში შესვლა გსურს, პოზიციები უნდა მოისმინო, სამწუხაროა, რომ მას პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, რაღაც ხუშტურით და ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი. ფაქტობრივად, პარლამენტიდან გაიქცა. საქართველოს რომელიმე პრეზიდენტისგან ასეთ საქციელს არასოდეს არ ვისურვებდი. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ფორმატი არათუ იცოდნენ, არამედ ოთხი წელია, პარლამენტში დადიან, პრეზიდენტი ტრიბუნასთან ოთხი წლის განმავლობაში გამოდის და თურმე, მეხუთე წელს აღმოჩნდა, რომ მისთვის ეს ფორმატი მიუღებელია. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პარლამენტს და ჩვენს ინსტიტუტს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ის მინიმალური სტანდარტიც ვერ დაიცვა, რაც აზრის მოსმენას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ საქციელით მისი სისუსტეც გამოიხატა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.