ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუცია მაშინ, როცა არავის აქვს უფლება კონსტიტუციას გადააბიჯოს, ჩვენი პრეტენზია ეხება კონსტიტუციაზე მაღლა დადგომას
ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუცია მაშინ, როცა არავის აქვს უფლება კონსტიტუციას გადააბიჯოს, ჩვენი პრეტენზია ეხება კონსტიტუციაზე მაღლა დადგომას

საქმე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა დადგომასთან. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მას უფლება აქვს, თავისი სტატუსიდან გამომდინარე კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრეზიდენტების მხრიდან კონსტიტუციაზე მაღლა დადგომა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა.

„ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და ერთხელ სამუდამოდ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა დადასტურდეს. პოლიტიკური და სამართლებრივი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით გვაქვს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუცია მაშინ, როცა არავის აქვს უფლება კონსტიტუციას გადააბიჯოს. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი დადასტურდეს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადმოინაცვლოს. პრეტენზია არ გვაქვს, რომ პრეზიდენტი შეიძლება, ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანია სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია და იქ ჩვენი გუნდის წევრები ყოველ თვე არაერთ შეხვედრას მართავენ. ჩვენი პრეტენზია ეხება კონსტიტუციაზე მაღლა დადგომას პრეზიდენტის მხრიდან და ასეთი პრეცედენტები არ უნდა დავუშვათ. ასეთი რამ უნდა ამოიწუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება პასუხს მოგვთხოვს, როგორ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ამაზე რეაგირება არ მოვახდინეთ. თუ საკონსტიტუციო წარდგინებას არ მოვამზადებდით, გამოვიდოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ვამართლებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.